суббота, 7 ноября 2015 г.

ინდური კულტურა და სამზარეულო მრავალფეროვანი და საინტერესოა.
უამრავი სახეობის კერძმა ქართველების ყურადღებაც მიიპყრო და თბილისში რამდენიმე რესტორანიც გაიხსნა. ერთ-ერთ მათგანს ვესტუმრე და ვინაიდან მათი ინდოელი შეფ-მზარეული - მაჰადევ პრაშადი ვერც ერთ უცხოურ ენაზე ვერ ლაპარაკობს, რესტორნის მენეჯერის - ქრისტინე დავრეშოვას დახმარებით, ბევრი რამ შევიტყვე. ამ ქვეყნის სიდიდისა და ფართობიდან გამომდინარე, ყოველ მხარეს თავისი ტრადიცია აქვს. ბუნებრივია, ყველა კერძს ვერ მიმოვიხილავთ, მაგრამ ამჯერად შევეცდებით ზოგიერთი მათგანის შესახებ ვისაუბროთ.
ინდური "მწვადი"ინდოელები ხორცს სხვადასხვანაირად ამზადებენ და "გრევში" დებენ, რომელიც შეიძლება 20-ზე მეტი სახეობის იყოს. ხშირად ვუყურებ ინდურ ფილმებს და არ არსებობს ფილმი, სუფრაზე რომ არ გამოჩნდეს მათი კერძი "მაჰარაჯა სპეცია ტიკა", რომელშიც რამდენიმე სახეობის ხორცია. ის შამფურზე იწვება, ჩვენებურ მწვადს ჰგავს, მაგრამ განსხვავებულია. "მაჰარაჯა" მეფეს ნიშნავს და 2 საუკუნის წინ რასაც მეფეები მიირთმევდნენ, ახლაც იმითაა გამორჩეული.

ფერად-ფერადი ბრინჯი
ბრინჯი სხვადასხვა ფერისაა. მაგალითად - ვარდისფერი, ყვითელი, მწვანე. ამ შეფერილობას არა საღებავებით, არამედ სხვადასხვა სუნელისა და ბოსტნეულის დამატებით იღებენ. შეიძლება რომელიმე ბოსტნეულის კანი გაატარონ და ბრინჯს შეურიონ. მაგალითად - კიტრი მომწვანო ფერს აძლევს. ამ სხვადასხვა ფერის ბრინჯში სხვადასხვანაირად მომზადებული ხორცია მოთავსებული - თევზის, ქათმის ან ხბოსი. აღსანიშნავია, რომ ისინი ძროხისა და ღორის ხორცს არ მიირთმევენ. მოგეხსენებათ, ამას თავისებური რელიგიური დატვირთვა აქვს. ზოგიერთი სახეობის ხორცი ტაფაზე არ იწვება, რადგან ზეთში ისეთი გემრიელი არ გამოდის.

ქათამი ინდურადინდოელების კერძი - "ჩიქენ კორმა" ძალიან ჰგავს ჩვენებურ საცივს. იგი ნიგვზის ნაცვლად, თხილის მსგავსი მცენარისგან მზადდება, ოღონდ მოტკბო გემო აქვს და "ჰანი" ჰქვია. "კარანი ჩიქენ" - ეს არის ქათმის ფილე "გრევში", რომელიც ყვითელი ფერისაა, მასში დაჭრილი ბულგარული წიწაკა, ბლომად ხახვი და სხვადასხვა ფერის სუნელია. ეს ყველაფერი თავისებურ, სპეციფიკურ გემოს აძლევს და რადგან მასში დიდი რაოდენობის სუნელია, ინდოელებისთვის განსაკუთრებული კერძია.
ცხელი ბოსტნეული, ცივი სალათების ნაცვლად
ინდოელებს კიტრისა და პომიდვრის გარდა, სალათები არა აქვთ. ბოსტნეულისგან ძირითადად ცხელ სადილს ამზადებენ და არა - ცივ სალათებს. ამას ჰქვია მიხედ ვეგეტაბლე. მასში ბევრი რამ შედის - ბარდა, კარტოფილი, მწვანე ლობიოსმაგვარი მცენარე, ასევე წითელი ლობიოს მსგავსი, ოღონდ - ყავისფერი მცენარე, და ყველი, რომელსაც აუცილებლად თვითონ აკეთებენ. ეს ყველაფერი "გრევში" იყრება, რომლის შემადგენლობაშიც შედის გატარებული პომიდორი, ხახვი და ნიორი, ასევე 7-8 სახეობის სუნელი.
ძალიან უყვართ ყვავილოვანი კომბოსტო, რომელსაც გობის ეძახიან. უგემრიელესია დაჭრილ, მოხარშულ კარტოფილთან ერთად, ოღონდ ესეც ცხელი კერძია.

ინდური პურიინდური პური სტანდარტულისგან განსხვავებულია - ის მეორე დღეს აღარ ვარგა, რადგან უგემურია. საფუარს საერთოდ არ შეიცავს და მასში მხოლოდ ფქვილი, წყალი და მარილია. პატარა რგოლებს აკეთებენ, ხელზე აბრტყელებენ, მერე კი ტაფაზე ან თონეში აცხობენ. თხელ ლავაშებს ჰგავს.

სუნელებინაირგვარი სუნელის დამატებით ინდური კერძები ძალიან ცხარეა და რომელიმე რომ დააკლონ, ის გემო აღარ ექნება, რაც საჭიროა. ამიტომ კლიენტებს ურჩევნიათ თუნდაც ძალიან ცხარე, მაგრამ გემრიელი კერძი მიირთვან.
რატომ ხბო და არა - ძროხაბევრი უძველესი კულტურის მსგავსად, ინდოეთში ძროხა ოდითგანვე მარჩენალი ცხოველის სტატუსით სარგებლობდა. ის რძის ნაწარმისა და საწვავის (ნაკელი) დაუშრეტელ წყაროს წარმოადგენდა. ამიტომ, ძროხის დაკვლა მთელი ოჯახის გაღატაკების ტოლფასი იყო. ძროხის თაყვანისცემა უმეტესად ღვთაება კრიშნასთანაა დაკავშირებული, რომელიც "ძროხების მწყემსს" ნიშნავს.
ქრისტინე:- ინდოეთში დიდ პატივს სცემენ ზოგადად მდედრობით სქესს და ვინაიდან ძროხა თავისთავად, "დედალია", არ ეკარებიან. ხბოს ხორცს მხოლოდ იმ შემთხვევაში მიირთმევენ, თუ ხბო მამალია. როცა ძროხა კვდება, განსაკუთრებული რიტუალებითა და ტრადიციით მარხავენ. ქალიც ასევე აღმატებულია. არ მინდა მკრეხელობა გამომივიდეს, მაგრამ ისინი დედას ღმერთს ადარებენ, რადგან მან გააჩინა, იწვალა და ა.შ. მშობლების ლოცვა-კურთხევისა და მათი აზრის გარეშე ვერაფერს აკეთებენ. ზოგიერთი ინდოელი, ვინც ქრისტიანობას ეზიარა, ღორის ხორცს უკვე მიირთმევს, მაგრამ ზოგიერთმა რამდენი წელიც უნდა გაატაროს საქართველოში (ან სხვა ქვეყანაში), ბოლომდე ინარჩუნებს თავის ტრადიციას. მოგეხსენებათ, ინდოელების ერთი ნაწილი მუსლიმანია, ნაწილი კი - ჰინდუ.

დესერტიძალიან გემრიელია "გაჯი ჰალვა" - ყავისფერი, მშრალი ჰალვა, რომელიც მრგვალი ფორმისაა და დაჭრისას შეგიძლია, ნებისმიერი ფორმა მისცე. იგი კეთდება რძის, შაქრისა და ფქვილისგან, შიგთავსში გატარებული ქიშმიში აქვს, ზემოდან კი - მთელ-მთელი. მას ანანასის ჩირს აყრიან ხოლმე. ეს ყველაფერი შეიძლება ჩვენც გავაკეთოთ, მაგრამ ინდოელის დამზადებულს რაღაც სხვანაირი გემო აქვს.

მაწონი სხვადასხვანაირადინდოელებში პოპულარულია შაქრიანი მაწონი - "სვიით ლასი". იგი მიქსერში ითქვიფება, შემდეგ კი ცოტა წყალი და შაქარი ემატება. უგემრიელესი წვენია "მანგო ლასი". მაწონს წყლის მაგივრად მანგოს წვენი ემატება. არსებობს ასევე, "სოლდ ლასი" (წყალი, მაწონი და მარილი), ძირას "ლასი" და სხვები.
მაწონს (ინდურად - "რაიტა") გასათხელებლად წყალს უმატებენ, შემდეგ კი - ბევრნაირ სუნელს, ხახვს, დაჭრილ კიტრს ამატებენ. არსებობს კიტრის, პომიდვრის, კარტოფილის "რაიტა" და ა.შ. "რაიტა" მხოლოდ და მხოლოდ ბრინჯთან ერთად იჭმება, რომელსაც ჰქვია "ჩიქენ ბირიანი", არის კიდევ "ბიიფ ბირიანი". მათ პურს არ აყოლებენ.

ინდური საუზმესაუზმეზე ისინი "ალუპარასას" მიირთმევენ. ლავაშში, რომელიც ცოტა უფრო სქელი ცომისგან კეთდება, სუნელებსა და პიურეს დებენ, ხაჭაპურის მსგავს ფორმას აძლევენ და თონეში აცხობენ. შემდეგ კი "რაიტასა" და რძიან ჩაის აყოლებენ. სადილზე კი იმ კერძებს მიირთმევენ, რომელზეც ზემოთ დაწვრილებით ვისაუბრეთ.

ჭამის წესიინდოეთში დანა-ჩანგალს არ იყენებენ და ყველაფერს ხელით მიირთმევენ. მათთვის ასე უფრო მოსახერხებელია, რადგან კერძებს ბრინჯითა და პურით ჭამენ. იშვიათად, შეიძლება ეტიკეტის გამო, სხვა ქვეყანაში ყოფნისას მიირთვან დანა-ჩანგლით, რომ მასპინძელი სხვა სტუმართან არ შეარცხვინონ. ყველანაირი სახეობის კერძს თავიდანვე ერთ თეფშზე დებენ და ერთმანეთში შერეულს მიირთმევენ - უფრო გემრიელიაო, ამბობენ. ჭამის დროს, სუფრასთან ოჯახის ყველა წევრი უნდა იჯდეს, თორემ სადილობას ისე არ დაიწყებენ. ასევე ელოდებიან, ყველა როდის მიირთმევს და მერე დგებიან.
წვნიანებს ჩვეულებრივ, კოვზით შეექცევიან. უყვართ ვერმიშელის, სოკოს, პომიდვრის წვნიანები, ყვითელი ფერის წვნიანი, რომელშიც შეიძლება ქათმის ხორციც იყოს. ქათმის წვნიანის ბევრნაირი სახეობა აქვთ.
მათი კერძები ქართველებსაც ძალიან მოსწონთ და გემო რომ უკეთ შეიგრძნონ, ზოგჯერ ისინიც ხელით მიირთმევენ. პოპულარულია ბრინჯი, შემწვარი ქათმების ნაირსახეობა, ცომში შემწვარი ბოსტნეული - "ვეჯითებლ სამოსა" ანუ ბოსტნეულის "სამოსა", რომელშიც ბარდა, კარტოფილი, ხახვი და სხვა ინგრედიენტებია. ის ფუნჩულას მსგავსად მზადდება.

ტრადიციული ინდური ქორწილიინდოეთში თითქმის არ არსებობს საშუალო ფენა. ან ძალიან მდიდრები არიან, ან - ღარიბები. წესის თანახმად, ქორწილში დიდი რაოდენობით ტკბილეულს ამზადებენ. მდიდრებთან აუცილებლად თვალში მოგხვდებათ ყვითელი ფერის მრგვალი ბურთულები, რომელსაც ლადუს ეძახიან და ურიგებენ ყველას, ვინც გასათხოვარი ან უცოლოა, რათა მიირთვან და ღამით თავიანთი საბედო ნახონ. ყვითელი ბარდა, ბრინჯი და პური მათი ქორწილების განუყოფელი ნაწილია.
ქორწილის დღეს პატარძალს ხელებზე - იდაყვამდე და ფეხებზე - მუხლამდე შავ ინას უსვამენ (ეს აუცილებელია). გასათხოვარ გოგონებს კი - მაჯამდე და ისიც, სურვილის შემთხვევაში.
ინდურ ქორწილებში ალკოჰოლი აკრძალულია. მხოლოდ მეორე და მესამე დღესაა დასაშვები. ამასაც რელიგიური დატვირთვა აქვს - ამბობენ, ღმერთს არ მოსწონსო.
ერთი უცნაური ტრადიცია აქვთ, რომელიც დიდ ქალაქებში აღარაა, მაგრამ სოფლებში ჯერ კიდევ შემორჩენილია. მაგალითად, როცა ქალი ქვრივდება, მას, ქმრის ნეშტთან ერთად, ცოცხლად წვავენ. თუ ცოტა თანამედროვე ხალხია, არ წვავენ, მაგრამ გათხოვების უფლება არა აქვს და სიცოცხლის ბოლომდე ქმრის სახლში ცხოვრობს. თუ ქალი გარდაიცვლება, ქმარი ცოლისდაზე ქორწინდება, რომ შვილები მან გაზარდოს.


თამთა დადეშელი(agebulia ,,gzapress.ge'')

0 коммент. :

Отправить комментарий